განახლებული „მზიურის პარკით“ სარგებლობა გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი
6 დეკემბერი 2019
დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე „მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
პროექტი მოიცავს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას.
„სამუშაოები, როგორც ხედავთ, საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს და უკვე დასასრულისკენ მიდის. ძალიან ბევრი ისეთი ახალი სივრცე იქნება პარკში, რომელიც დამატებით ხიბლს შესძენს და „მზიურს“ ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე მთელი უბნის მოსახლეობისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილებენ ბავშვებს. აქ გათვალისწინებული იქნება გამწვანების სრულიად ახალი კონცეფცია, რაც ბევრი ახალი მცენარის დამატებას გულისხმობს. იმედი გვაქვს, უკვე გაზაფხულიდან ყველანი შევძლებთ ამ პარკით აქტიურად სარგებლობას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
„მზიურის“ რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვლება ყველა კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დადგება ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, გაკეთდება სკეიდბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები, პარკური.